სს „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოების ახალი შემადგენლობა დღეს გახდება ცნობილი.
ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართუ ჯგუფის“ იძულებითმა
მმართველმა ვლადიმერ უგულავამ განუცხადა.
უგულავა, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ იძულებით მმართველად სასამართლოს გადაწყვეტილებით დაინიშნა, ჯგუფის თანამშრომლებს უკვე შეხვდა.
მისი თქმით, პირველი სამუშაო დღე საკმაოდ ნორმალური იყო, თუმცა, საქმე ძალიან ბევრია.
ვლადიმერ უგულავამ სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრებთან ირაკლი ზარქუასთან და როინ ცაციაშვილთან ერთად, „ქართუ ბანკის“ დირექტორატის შემადგენლობა დაითხოვა, სულ 8 თანამშრომელი. „ქართუ ჯგუფში“ დაცვის თანამშრომლებიც შეიცვალნენ.
ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული ქონება „ქართი ჯგუფის“ აქციათა 100% და „პროგრეს ბანკის“ 21.71% საჯარო აუქციონზე იყო გატანილი, თუმცა, არ გაიყიდა. ამის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნულ კომპანიებში იძულებითი მმართველის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა, რომელიც მესაკუთრის ყველა უფლებით ისარგებლებს. მმართველობის პერიოდი მოვალის დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ვალს, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით, სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის 75 მლნ ლარით დააჯარიმა, რომლის გადახდასაც ის არ აპირებს.

















