იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც მკაცრდება სანქციები რიგ სამართალდარღვევებზე და ამასთანავე, თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს მიეცემა შესაძლებლობა დამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს სანქცია, საჯარიმო ოქმის შევსების გზით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სანქციას „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისათვის“. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა), იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი 1000 ლარიან ჯარიმას (ნაცვლად 500 ლარისა). ასევე, იერსახის დამახინჯებად განიხილება სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 500 ლარისა), ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევ დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით(ნაცვლად 1000 ლარისა).
კიდევ ერთი მუხლი, რომელიც კოდექსს ემატება, ითვალისწინებს სანქციას „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებურად შეცვლისათვის“, კერძოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (ნაცვლად 200 ლარისა).
ცვლილებების თანახმად, დასჯადი ქმედება ხდება არამარტო ქ. თბილისის ტერიტორიაზე ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა, არამედ მათი დაზიანებაც. ამავე, ცვლილებით იზრდება ჯარიმის ოდენობებიც: ფიზიკური პირის შემთხვევაში 500 ლარიანი ჯარიმა ორმაგდება და ხდება 1000 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 2000 ლარიანი ჯარიმა იზრდება 3000 ლარამდე. მკაცრდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დამცავ ზონაში ზემოხსენებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობაც: ფიზიკური პირის შემთხვევაში 1000 ლარიანი ჯარიმა ორმაგდებ და ხდება 2000 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 4000 ლარიანი ჯარიმა იზრდება 6000 ლარამდე.
კანონპროექტის თანახმად, ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის განხორციელება, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სატრანსპორტო ან მასზე მისაბმელი საშუალების, ან სხვა მექანიკურად მოძრავი საშუალების გამოყენებით გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და ამავე დროს სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციას.
მკაცრდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე. კერძოდ, გარე ვაჭრობის განხორციელება, შესაბამისი ნებართვის გარეშე, გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 20 ლარისა), ხოლო იგივე ქმედების ჩადენა განმეორებით იწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 100 ლარისა). ასევე, იზრდება უფლებამოსილი პირის მოთხოვნების დაუმორჩილებლობისათვის განკუთვნილი ჯარიმაც 50 ლარიდან 200 ლარამდე.
ცვლილებებით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისათვის სამართალდამრღვევი ექვემდებარება დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობის (ნაცვლად 300 ლარისა), ხოლო შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე რეკლამის განთავსებისათვის 3000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 500 ლარისა).
როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაზიანებასთან, იერსახის დამახინჯებასთან, გარე რეკლამების განთავსებასთან და გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გახშირება და ამ სამართალდარღვევებისთვის დადგენილი სანქციების შეუსაბამობა ჩადენილი ქმედების მნიშვნელობასა და სიმძიმესთან.
კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ წარმოადგინა.
ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან ხდება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა. კერძოდ: „ მრავალშვილიანი მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები“.
კანონპროექტით, მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს მთავრობამ: 2018 წლის 1 ივნისამდე უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი; ასევე, უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები.
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს 2019 წლის და შემდგომი საბიუჯეტო წლების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან 2019 წლის 1 იანვარიდან, კანონპროექტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტით დასაფინანსებელი იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს.
შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი იქნებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის. ა.წ. თებერვლის მონაცემებით.
შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ჩაიწერება, რომ სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ოჯახის შემოსავლებში არ გაითვალისწინება აღნიშნული შეღავათი.
კანონპროექტის თანახმად, ერთ მრავალშვილიან ოჯახზე წლის განმავლობაში ფინანსური შედეგი სარგებლის სახით მინიმუმ 240 ლარი იქნება (4-შვილიანი ოჯახების შემთხვევაში, რომლებიც მოცემული სტატისტიკით მრავალშვილიანთა დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ) და შესაბამისად, 120 ლარით უფრო მეტი ყოველი მომდევნო შვილის შემთხვევაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები, რომელთა ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, ხოლო ავტორი ფინანსთა სამინისტრო.
შემოთავაზებული ცვლილებებით, საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება განხორციელდება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე.
დამრგვალების პრინციპი გულისხმობს თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ფასის დამრგვალება განხორციელდება მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით, აღნიშნული გამორიცხავს ზოგადად ცალკეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას. დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი დეტალურად გაიწერება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.
კანონპროექტის მიღების მიზეზია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მაღალია 1 და 2 თეთრი ნომინალის მონეტების დამზადებაზე გასაწევი ხარჯი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარდა 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების დამზადება-მოწოდებასთან (დახარისხების, შენახვისა და ა.შ. ხარჯები) დაკავშირებული მაღალი ხარჯისა, რაც მათ ნომინალურ ღირებულებას ბევრად აღემატება, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტებს გააჩნია დაბალი მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში დალექვის მაღალი პროცენტი, დამზადებისა და დამუშავების ტექნიკური სირთულეები. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უწევს აღნიშნული ნომინალის მონეტების დამზადებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა.
ცვლილებების მიზანია საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მომხმარებელთა და მეწარმე სუბიექტთა ინტერესთა ბალანსის დაურღვევლად, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების სისტემის დანერგვა და ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპის გაუქმება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
წარმოდგენილი ცვლილებები შეეხება პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტების შევსების არსებულთან შედარებით მოქნილი და არსებულ საჭიროებებზე მორგებული წესის შემოღებას.
ცვლილებების განხორციელების შემდეგ გაიზრდება საქართველოს მოქალაქეების სხვა სახელმწიფოში გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. კერძოდ, გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენებისას ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, მოხდება გარდაცვალების ფაქტის აღრიცხვა, მისი რეგისტრაციის/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაუქმება შესაბამისი საფუძვლით და გარდაცვლილი პირები აღარ დაფიქსირდებიან საარჩევნო სიაში.
კანონპროექტი, ასევე მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა რეგისტრაციის პროცესში მათი უფლებების დაცვის გარანტიების გამყარებას.
მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, 16 წლამდე არასრულწლოვანს მისამართზე რეგისტრაციისათვის არ მოეთხოვება რაიმე სახის დოკუმენტის წარდგენა, ის რეგისტრირდება ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებს კი მისამართზე რეგისტრაციისათვის ევალებათ კონკრეტული დოკუმენტების წარმოდგენა, ხოლო ასეთი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, აღნიშნული პირები რეგისტრირდებიან მისამართის მითითების გარეშე, ან მათ უარი ეთქმებათ რეგისტრაციასა და, ზოგ შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტის გაცემაზეც, მაშინ, როდესაც კანონით პირი არასრულწლოვნად ითვლება 18 წლის ასაკამდე. აქედან გამომდინარე, განხორციელდება ცვლილება, რომლითაც მოხდება იმის მითითება, რომ 18 წლამდე ასაკის პირი რეგისტრაციას გაივლის მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.
კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენისთვის იქნა განხილული კანონის პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ცვლილებების თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა არ გავრცელდება განქორწინების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინების რეგისტრაციაზე.
კანონპროექტის მიზანია სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გაუვრცელებლობით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მიზნებისათვის განქორწინების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფა და სამოქალაქო რეესტრში ინფორმაციის სრულყოფილად აღრიცხვის ხელშეწყობა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები.
პროსტიტუციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კანონპროექტით ხდება არაძალადობრივი გზით პირის პროსტიტუციაში ჩაბმის კრიმინალიზაცია. სამართალდამცავ ორგანოებს ეძლევათ კანონიერი საფუძველი, იმოქმედონ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ პირთა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნების ჩაბმას პროსტიტუციაში.
ამ მიზნით, ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლში (პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა). იცვლება, როგორც სათაური „პროსტიტუციის ხელშეწყობით“, ისე ნორმის შინაარსი. კერძოდ, 254-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, დანაშაულად ცხადდება „პირის დაყოლიება პროსტიტუციაზე ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის მონაწილეობას პროსტიტუციაში“.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დ ა მისი თანმდევი პროექტები.
კანონპროექტის მიზანია შემაკავებელი ორდერის გამოცემასა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითებასთან დაკავშირებით კანონისმიერი ვალდებულების შემოღება, ასევე პოლიციელის უფლებამოსილების გაზრდა და იმ შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც მას შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითების კანონით უზრუნველყოფილი უფლება ექნება.
კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონპროექტის მიხედვით, თუ საქმეში არ მონაწილეობს ადვოკატი უფასო იურიდიული დახმარების უფლებით სარგებლობა გათვალისწინებული იქნება პროცესის ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული პირისათვის. ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უფასო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იმ არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირისათვის/მოწმისათვის, რომელიც გადახდისუუნაროა ან სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული თავებითა და მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე გამოსაკითხი პირია. წარმოდგენილი წინადადებით, კოდექსში კონკრეტდება ფსიქოლოგის ჩართვის წესი და ფუნქციები. ზუსტდება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში გამოვლენილი სირთულეების აღმოფხვრა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ჩართული ყველა პროფესიის წარმომადგენლის მიერ ნორმათა ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის უზრუნველყოფა ამ ნორმათა უფრო ნათლად ჩამოყალიბების გზით.
კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
შემოთავაზებული ცვლილებებით ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც დაენიშნება უფასო იურიდიული დახმარება. მოქმედი რედაქციის მიხედვით განსაზღვრულ პირთა წრეს ემატება არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

















