ორი ქვეყანის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხების განხილვას დაეთმო პარლამენტის
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და მაროკოს სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა. კომიტეტის თავმჯდომარემ მაროკოელ სტუმრებს კომიტეტის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და კომიტეტის სტრატეგიის და პრეზენტაციების ინგლისურენოვანი ბროშურა გადასცა.
„მაროკოს სამეფოს საკმაოდ საინტერესო გამოცდილება აქვს ახალგაზრდულ საქმეებთან მიმართულებით და ამ კუთხით, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შევთანხმდით. შეხვედრაზე მაროკოს სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის მნიშვნელობაც განვიხილეთ და რაბატში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, სამომავლო ვიზიტის შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2026 წელს მაროკოს სამეფო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას აპირებს და საპარლამენტო დელეგაცია მიხეილ ყაველაშვილის, როგორც ყოფილი ფეხბურთელის, მოსაზრებებით დაინტერესდა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, გენადი მარგველაშვილმა ახალგაზრდებთან მიმართებით მაროკოს გამოცდილებაზე ისაუბრა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა. „ვიცით, რომ 2014 წელს მაროკოში ინფორმატიკის სტუდენტური ოლიმპიადა ჩატარდა. ვფიქრობ, რომ სტარტაპების და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენ ქვეყნებს ბევრი აქვთ სათქმელი და ამ კავშირების გაღრმავება აუცილებელიც არის“, - განაცხადა შეხვედრაზე გენადი მარგველაშვილმა.
მაროკოს სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია, წარმომადგენლობითი პალატის ვიცე სპიკერის, ჰაიატ ბუფარაკენი ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს.

















