საქართველოს პრეზიდენტმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად საზოგადოების სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების პოლარიზება და დაპირისპირება შეძლო და მისთვის საჭირო სადამსჯელო რამზები შექმნა.
ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გორის აქციაზე განაცხადა.
„სააკაშვილმა დაყო ქართული საზოგადოება, მას ჰყავს თავისი ჟურნალისტები, თავისი მსახიობები, რეჟისორები, მასწავლებლები. საზოგადოება დაყო ასაკის მიხედვით, ენის ცოდნის მიხედვით და ისეთ სფეროშიც კი შეიჭრა და იქაც კი გახლიჩა ადამიანები, როგორიცაა სპორტი, სადაც გუნდურობა წარმატების საწინდარია“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საამაყო და სანიმუშო სპორტსმენს მთავრობა არა სპორტული მიღწევების, არამედ ხელისუფლებისადმი ყურმოჭრილი მორჩილების მიხედვით აფასებს.
ამასთანავე, მან განაცხადა, რომ საზოგადოების დასაშინებლად და პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად ხელისუფლება ასეთი სპორტსმენებისგან შექმნილ სადამსჯელო „სამარცხვინო რაზმებს“ იყენებს.
„სამარცხვინოა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა ჯგუფები, რომლებსაც ხალხმა ფაშისტური სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის სახელი - „ზონდერბრიგადები“ შეარქვა“ - განაცხადა ივანიშვილმა და მოსახლეობას ამ დაპირისპირებისა და „სამარცხვინო სენისგან“ გათავისუფლებას დაპირდა.
მან მოსახლეობას მიმართა და შემოდგომაზე არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
გორში კოალიციის მრავალათასიანი აქცია უკვე ასრულდა.

















