კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები მისი და მისი გუნდის წინააღმდეგ, არა სახელწიფოს მეთაურის,
არამედ გონებაარეული კაცის ნაბიჯებს ჰგავს.
„ის სანქციები, რომლებსაც სააკაშვილი ჩემს წინააღმდეგ ახორციელებს, ყაჩაღობაა. მას არ ენაღვლება არც კანონი, არც სამართალი, არც საზოგადოების განწყობა და რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია, აღარც დასავლელი პარტნიორების აზრი აინტერესებს“ - განაცხადა ივანიშვილმა გორში დღევანდელ აქციაზე.
მისი თქმით, სს „ქართუ ჯგუფის“ დაყადაღებით და ქონების გაყიდვით სააკაშვილმა მთელს საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა, როგორ ებრძვის ის პოლიტიკურ ოპონენტს.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, „ბანკი ქართუ“ მას საკუთარი მოგებისთვის არ შეუქმნია და მისი ჩამორთმევა მის კაპიტალს ვერაფერს ავნებს.
„ბანკი ქართუ“ ინვესტიციაა, ეს ის პროექტია, რომელიც მე ჩემი სამშობლოსა და ხალხის ხელშეწყობისთვის განვახორციელე. ამ მეთოდებით ჩემი დამარცხება შეუძლებელია, რადგან ჩვენს მხარეს არის კანონი და სამართალი, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთანავე, მან ისაუბრა მოსახლეობის საბანკო დავალიანებებზე, რის გამოც, მისი თქმით, ასობით ათას ადამიანს სიღატაკე და სახლებიდან გამოყრა ემუქრება.
ივანიშვილის განცხადებით, მისი გუნდი სწავლობს ამ პრობლემას და გამონახავს ისეთ გამოსავალს, რომ ხალხსაც დაეხმაროს და საბანკო სისტემაც არ დაზიანდეს.
მისი თქმით, სააკაშვილს პოლიტიკოსის მთავარი კაპიტალი ფული მიაჩნია, თუმცა, ეს კაპიტალი ხალხის ნდობაა, რომელიც პირადად მის მიმართ ყოველდღიურად იზრდება.
გასულ კვირაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით სს „ქართუ ჯგუფში“ და „ბანკ ქართუში“ იძულებითი მმართველი დაინიშნა, რომელმაც სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი გადააყენა.

















