პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ წარდგენილი მთავრობის ახალი პროგრამა პოლიტიკური პლაგიატია.
„ახალმა პრემიერ-მინისტრმა ზარ-ზეიმით წარმოგვიდგინა მთავრობის პროგრამა. ეს პროგრამა სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური პლაგიატი - ჩვენი პროგრამების მითვისების მცდელობა“-განაცხადა ივანიშვილმა გორში, კოალიციის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მათ შორის ერთი სერიოზული განსხვავებაა - კოალიცია დაპირებებს ტყუილად არ იძლევა, რადგან ყველაფერი კარგად გათვლილი და გაანგარიშებული აქვს.
„მერაბიშვილის ციფრები კი მხოლოდ ამომრჩველთა ყურისთვისაა განკუთვნილი და მათი გულის მოსაგებად არის ნათქვამი. თუმცა, ისინი ტყუილებშიც თავის სიძუნწეს ვერ ერევიან“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლების მიერ თითო ოჯახისთვის დაპირებული 1000-ლარიანი დახმარება 4 წელზეა გათვლილი, შედეგად კი - ოჯახს წელიწადში 250 ლარი ანუ თვეში 20 ლარი ერგება.
ივანიშვილი ახლადშექმნილ დასაქმების სამინისტროსაც ხალხის მოსატყუებლად ჩამოყალიბებულ უწყებად მიიჩნევს.
„სამინისტროს შექმნით რომ სამუშაო ადგილები არ იქმნება, ეს მათ ზუსტად იციან. სამუშაო ადგილებს ბიზნესი ქმნის ჯანსაღი ბიზნესგარემო, არადა სწორედ ეს მოსპო სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ, რამაც ხალხის გაღატაკება გამოიწვია“-აღნიშნა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის თქმით, ხელისუფლების მიერ გაპიარებული დასაქმების კამპანიების ფონზე სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ოფიციალურად მილიონამდე მოქალაქეა დარეგისტრირებული, ხოლო თითქმის ამდენივე ადამიანი ღატაკისთვის განსაზღვრულ შემწეობას ელოდება.
„ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, სადამდე მიიყვანა ქვეყანა და ხალხი, და იმის მაგივრად, რომ რეალურად რამე შეცვალოს, ისევ ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა გადაწყვიტა“-განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ხალხი დიდხანს ატყუა და ახლა რა შთამბეჭდავი ციფრებიც არ უნდა დაასახელოს, ეს აღარ გამოუვა.
კოალიციის ლიდერის თქმით, მის გუნდს ყველაფერი ზედმიწევნით დათვლილი და დაანგარიშებული აქვს. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქართული სოფლის აღორძინება აქვს დაგეგმილი, რისთვისაც ერთმილიარდიანი ფონდი შეიქმნება.
„ამ ფონდის დახმარებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეები შეძლებენ გრძელვადიანი, ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სესხების აღებას და ამ ფულით სარგებლობას“-აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ქართლში მეხილეობის აღორძინებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ეს გასაღების ბაზრების გარეშე წარმოუდგენელია. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გლეხი ტრადიციული ბაზრების გარეშე დატოვა და ვერც ახალი ბაზრების გამონახვა მოახერხა.
„ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ და გამოვნახავთ ბაზარს, რათა გლეხს გაუსაღებელი მოსავალი აღარ დარჩება“-დაპირდა ივანიშვილი აქციაზე შეკრებილებს.
მისივე თქმთ, ხელისუფლებაში მისი გუნდის მოსვლის შემდეგ მთავრობა
ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების შექმნას და ქვეყანა უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქტზე აღარ იქნება დამოკიდებული.
დღესვე ივანიშვილმა პირობა დადო, რომ გაუქმდება მონოპოლიური ბიზნესი, ბიზნესისთვის დაწესდება შეღავათები და უცხოელ ინვესტორებს უსაფრთხო გარემო ექნებათ.
„რაც განსაკუთებით მნიშვნელოვანია, ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ, რეალურ ზღვარს. ცხადია, ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი. პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე საარსებო მინიმუმია“-განაცხადა ივანიშვილმა.

















