კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა დღეს გორის აქციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნა პოლიციელების დაშინებას ემსახურება.
ივანიშვილმა პოლიციელებს მიმართა და მოუწოდა იდგნენ ხალხის სამსახურში.
„მე თქვენ გპირდებით, რომ ვეღარავინ გამოიყენებს ჩვენი ხალხის დამსჯელად პოლიციას, რომელიც ამავე ხალხის სისხლი და ხორცია“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, პოლიციელების უმრავლესობა წესიერი ადამიანია, რომლებიც უანგაროდ და პატიოსნად ემსახურებიან თავის სამშობლოს და ხალხს.
„რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილმა პოლიციელებს მინისტრად დაუნიშნა სისასტიკით ცნობილი ახალაია და ასე ცდილობს დათრგუნოს და დააშინოს არა მარტო მოსახლეობა, არამედ პოლიციელებიც“ - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება შეშინებული კაცის ნაბიჯია.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს კიდევ უფრო მკაცრი ხელი სჭირდება თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება ნათელს ხდის, რომ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს არ ენდო მიუხედავად იმისა, რომ მას სააკაშვილის არც ერთი უკანონო ბრძანების შესრულებაზე უკან არ დაუხევია და ის „შსს-ს ჩამოაშორა და პრემიერად გადაიყვანა“ .
„მას არჩევნებისთვის ზონდერბრიგადები სჭირდება, რომელთა მართვითაც ახალაია განთქმულია. მოგმართავთ თქვენ, ჩვენო საამაყო პოლიციელებო, ნურაფრის შეგეშინდებათ. ეს ყველაფერი მალე წარსულს ჩაბარდება, ცოტაც უნდა გავუძლოთ, ყველამ ერთად. ჩვენ ვერ გვაჯობებენ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, პოლიციელებმა არ უნდა შეასრულონ უკანონო ბრძანებები. მან 9 აპრილის ცნობილი მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ მაშინ პოლიცია საკუთარ ხალხს გადაეფარა და სწორედ ამის ეშინია დღეს პრეზიდენტ სააკაშვილს.
მერაბიშვილზე საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის სახელს უკავშირდება ის განსაკუთრებული სისასტიკე, რომელიც ძალოვანმა სტრუქტურებმა 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს გამოიჩინეს და მერაბიშვილი „ვერც ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების საქმეებს ჩამოირეცხავს“.

















