კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ძალის სტრატეგიული არჩევანი საქართველოს დასავლური ორიენტაცია და მისი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაა,
რასაც ალტერნატივა არ აქვს.
ამის შესახებ მან დღეს გორში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, კოალიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს მეზობლების არჩევა არ შეუძლია.
„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მოგვიწევს“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მისი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას შეძლებს.
„რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული, განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომელიც უპრინციპო და არაკორექტულია“-განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კოალიცია საერთო ენას აფხაზებთან და ოსებთან აუცილებლად გამოძებნის.
„ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და ეს ხელისუფლებამ იცის“-აღნიშნა მან.
ივანიშვილის თქმით, კონფლიქტებთან მიმართებაში, კოალიციის მიზნები და ამოცანები საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს ემთხვევა, რაც ხელისუფლების განსაკუთრებული გაღიზიანების საფუძველია.

















