ლატვიის ახლად დანიშნულმა ელჩმა ინგრიდა ლევრენცემ საქართველოს ვიცე-პრემიერს,
საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ლატვიის ახლად დანიშნულ ელჩს მიულოცა საქართველოში მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის განსაკუთრებულ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიმდინარე წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეტად მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა კულტურულ, ხალხთაშორის, საგანმანათლებლო და რეგიონულ კავშირებს და ამ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ლატვია წარმოადგეს საერთაშორისო არენაზე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და ბიზნესკავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე.
საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის კონტექსტში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 2018 წლის განმავლობაში მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების აქტუალურობაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს თვალსაჩინო პროგრესსა და მიღწევებზე, ასევე ქართული მხარის მოლოდინებზე ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტზე.
ლატვიის ახლად დანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი. აღინიშნა, რომ ლატვია მომავალშიც გააგრძელებს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრის დასასრულს ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

















