საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახური დაგეგმილ რეფორმებში სწორ აქცენტებს აკეთებს.
მისივე თქმით, დელტას ბაზაზე სახანძრო ტექნიკის წარმოება დაიწყება, რაც განაახლებს როგორც ტექნიკურ შესაძლებლობებს, ასევე შესაძლებელი გახდება ასეთი პროდუქციის ექსპორტზეც გაყიდვა.
„საგანგებო სიტუაციების მართვის მოდელი მარტივი და საიმედო უნდა იყოს. მეხანძრე-მაშველებს სჭირდებათ ახალი ტექნიკა, უკეთესი სამუშაო პირობები და საზოგადოების მხარდაჭერა. მათ შორის, ბოლო წლებში დაგროვილმა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სახანძრო ზედამხედველობის მიმართულებით სტანდარტების გაუმჯობესება აუცილებელია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგეგმილ რეფორმებში სწორ აქცენტებს აკეთებს. მისასალმებელია ასევე ის, რომ სამაშველო სამსახურების საქმიანობაში ჩაერთვებიან ის წვევამდელები, რომლებიც ალტერნატიულ შრომით სამსახურში იქნებიან გაშვებული. ეს, ერთი მხრივ, გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე სამაშველო საქმიანობაში, მეორე მხრივ კი, მიზნობრივად მოხდება ალტერნატიული შრომითი სამსახურის რესურსისა და პოტენციალის სწორად გამოყენება. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ დელტას ბაზაზე ჩვენ დავიწყებთ სახანძრო ტექნიკის წარმოებას, რაც განაახლებს როგორც ჩვენს ტექნიკურ შესაძლებლობებს, ასევე, ვფიქრობ, შესაძლებელი გახდება ასეთი პროდუქციის ექსპორტზეც გაყიდვა“- განაცხადა სესიაშვილმა.

















