პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონებში ხელისუფლების მიერ დანერგილი შიში გატეხილია.
როგორც „ნიუსპრესს“ ლორთქიფანიძემ გორში, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის დაწყებამდე განუცხადა, ხელისუფლებას ხალხმრავალი აქციების ეშინია.
„ეს აქციები იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლების მიერ დანერგილი შიში უკვე გატეხილია. ქუთაისმა, ოზურგეთმა, მცხეთამ და თბილისმა დანარჩენ საქართველოს დაანახა ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა და გორი ამ კუთხით გამონაკლისი არ იქნება“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
დეპუტატის თქმით, მერეთსა და კარალეთში მომხდარმა ინციდენტებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას შიდა ქართლში კოალიციის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდის ეშინია, რადგან ეს რეგიონი ცნობილია, იმით რომ აქ თავმოყრილია ძალოვანი უწყებების მთავარი სამმართველოები და ხელისუფლება შიდა ქართლში სხვა პოლიტიკური ძალის გაძლიერებას საკუთარ პრესტიჟზე დარტყმად მიიჩნევს.
მისი შეფასებით, შიდა ქართლი კონფლიქტურ რეგიონთან ახლოსაა და იქ მცხოვრები დევნილების ოპოზიციური განწყობები ხელისუფლებას დიდ პოლიტიკურ ზიანს აყენებს. ამიტომ, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ხელოვნურად შეამცირონ.

















