დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დღევანდელი სხდომა კავკასიოლოგიის წინაშე მდგარ გამოწვევებს,
სახელმწიფოსათვის კავკასიოლოგიის განვითარების მნიშვნელობას, ზოგადად, კავკასიოლოგიის საკითხებს დაუთმო.
სხდომაზე კანონმდებლებთან ერთად, მოწვეული იყვნენ სხვადასხვა სამინისტროების, სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგნელები.
სხდომის მონაწილეებს დღის წესრიგით განსაზღვრული მოხსენებების მოსმენამდე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიმართა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტს ქართული მეცნიერების საერთაშორისო ინტეგრაციის და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
„საქართველოს საერთაშორისო ინტეგრაცია დაკავშირებულია ქვეყნის პოლიტიკური მნიშვნელობის ზრდასთან. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონის პრობლემატიკის გასაგებად და სწორი პოლიტიკების ჩამოსაყალიბებლად საქართველოს მრავალი თვალსაზრისით საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ჯერ კიდევ წინ არის დრო, როდესაც მსოფლიომ საქართველოსა და კავკასიის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა უნდა გააცნობიეროს, საამისოდ კი აუცილებელია ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის დარგებში აკუმულირებული ცოდნის გავრცელება საერთაშორისო მასშტაბით“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს დარგები სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვის საგანია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ცირა ბარამიძის მოხსენების თემა იყო „კავკასიოლოგიის თანამედროვე გამოწვევები. კავკასიოლოგია, როგორც მეცნიერების დარგი და როგორც სასწავლო დისციპლინა“.
ცირა ბარამიძემ დარგის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად ქვეყნის და საზოგადოების ინტერესის საგანს უნდა წარმოადგენდეს.
„საქართველო-იმიერკავკასიის შუა საუკუნეების ისტურიულ-კულტურული ურთიერთობა და თანამედროვე ასპექტები; კავკასიოლოგიის განვითარების მნიშვნელობა სახელმწიფოსათვის“ - ამ თემას მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარის, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორის, პროფესორ გივი ღამბაშიძის გამოსვლა.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ ისაუბრა კავკასიურ რელიგიურ მოზაიკაზე თანამედროვეობის კონტექსტში და ამ კუთხით გამოწვევებსა და რისკებზე გაამახვილა ყურადღება. „სახელმწიფოს რეგიონული უსაფრთხოების საკითხების სამეცნიერო კვლევები კავკასიოლოგიაში“ - ამ თემას დაეთმო მკვლევარ-კავკასიოლოგ გიორგი ომსარაშვილის გამოსვლა.
მომხსენებლებმა კავკასიოლოგიის მნიშვნელობაზე საუბრისას, ყურადღება კავკასიოლოგიური სკოლის შექმნასა და ჩამოყალიბებაში არნოლდ ჩიქობავას ღვაწლზე გაამახვილეს და ხაზგასმით აღნიშნეს არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემიის აღდგენის აუცილებლობა.
როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, ამასთან დაკავშირებით კომიტეტმა შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, წარმოდგენილი მოხსენებების გაანალიზების შემდეგ, კომიტეტის წევრები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას, კონკრეტულ უწყებებს წარედგინება.

















