პარლამენტში კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის
მეორე სხდომა გაიმართა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ბოლომდე უნდა დასრულდეს მუშაობა პაკეტზე, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაცია მოხდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილია მხოლოდ ის კანონები, რომელთა არ გასწორების შემთხვევაში, ისინი წინააღმდეგობაში მოვლენ კონსტიტუციასთან.
„წარმოდგენილია ის კანონები, რომელთა არ გასწორების შემთხვევაში, 2018 წლის ნოემბრიდან, როდესაც ამოქმედდება კონსტიტუცია, ისინი იქნება წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან. ამ კუთხით არის გაფილტრული სია. ჩვენთვის პრიორიტეტია ასეთ საკითხებზე მუშაობა. დამატებით შესაძლებელია კომიტეტების მხრიდან სხვა საკითხების ინიცირება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ კონსტიტუციის სულისკვეთებიდან გამომდინარე გაუმჯობესდეს კანონმდებლობა საქართველოში, თუმცა მთავარი ამოცანა არის ის, რომ არსებული კანონები იყოს სრულ შესაბამისობაში, არ იყოს წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან მას შემდეგ, როდესაც ის ამოქმედდება. ჩვენი შემოთავაზებაა, რომ შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმ ცვლილებებით, რომელიც აპრიორი გამომდინარეობს კონსტიტუციიდან და არ შევეხოთ სხვა საკითხებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომისიის წევრებს წარმოდგენილ კანონთა ნუსხა გააცნო და შესაბამის კანონპროექტთა მომზადებაზე პასუხისმგებელი სუბიექტები განისაზღვრა.
„ეს არის იმ კანონთა ნუსხა, რომელთა გასწორებაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ არც ერთი კანონი აღარ იყოს წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, მას შემდეგ, რაც ნოემბერში ამოქმედდება ახალი რედაქცია. ვფიქრობთ, რომ ეს სია ამომწურავად არის ასახული. სასურველია, შესაბამისი კანონები ივნისის ბოლომდე მივიღოთ.“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო კომიტეტებთან საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაში აპარატის წევრებთან ერთად, ექსპერტებიც იქნებიან ჩართულნი.

















