„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, პარტიების ქცევის წესების შესახებ დეკლარაციის
ნორმებს თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეასრულებენ, არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის.
როგორც „ნიუსპრესს“ ვეფხვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული დეკლარაციის შეფასებისას განუცხადა, თუ ხელისუფლებას სურს წარმოაჩინოს - ვინც დეკლარაციას ხელს არ მოაწერს, თითქოს, სამართლიანი არჩევნები არ უნდა - ეს ცუდი განზრახვაა.
მისივე თქმით, მთავარია, ხელისუფლების განზრახვა იყოს გულწრფელი და ის, რასაც წერენ თავად შეასრულონ, რადგან „ქრისტიან-დემოკრატებს“ არ აქვს არც ადმინისტრაციული რესურსები და არც ფული ამომრჩევლის მოსასყიდად.
„ვიცით, ვისაც აქვს ადმინისტრაციული რესურსი და ისიც ვიცით, ვის აქვს ფული ამომრჩეველის მოსასყიდად. ასე რომ, მთავარია დეკლარაციაში მითითებული ნორმები ორმა პოლიტიკურმა ძალამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს, რომელთაც ხელეწიფებათ ამომრჩევლის მოსყიდვაც, ხალხის დაშინებაც და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაც“- განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე შეფასებით, დეკლარაციაში ჩადებული ნორმების გაცხადება „ნაციონალური მოძრაობისგან“ კარგია, მაგარამ მთავარია ეს სულისკვეთება „ქართულმა ოცნებაც“ გაიზიაროს.
„თუ ეს ორი პოლიტიკური ძალა დეკლარაციის ნორმებს შეასრულებს დარწმუნებული ვარ არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის“ - აღნიშნა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, დეკლარაციას „ქრისტიან-დემოკრატებიც“ მოაწერენ ხელს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიისთვის ერთობლივი დეკლარაციის მიღებას სთავაზობს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკლარაციის ხელმომწერმა პარტიებმა, მიუხედავად არსებითი განსხვავებისა, მრავალ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღიარონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.
„ვაცნობიერებთ რა საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისათვის ძირითად საკითხებზე შეთანხმების აუცილებლობას, ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ - უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია“ - ნათქვამია დეკლარაციაში.

















