ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე იმსჯელეს დღეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში
დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, კანონმდებლებსა და ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებს შორის გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე ნარკოტიკულ დამოკიდებულებაზე ევროპული მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) კვლევები და შესაბამისი სტატისტიკა ექიმმა-ინფექციონისტმა, პროფესორმა გიორგი კანდელაკმა წარმოადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, საზოგადოების ერთ ნაწილში გავრცელებულია არასწორი და უსაფუძვლო აზრი, თითქოს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია არის ფართოდ აპრობირებული პრაქტიკა მთელ ევროპაში და დეკრიმინალიზაცია დადებითად აისახება აღნიშნული პრობლემის მოგვარების ტენდენციებზე. მისივე განმარტებით, ოპონენტები ამის მაგალითად ჩეხეთსა და პორტუგალიას ასახელებენ.
გიორგი კანდელაკმა აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგო არგუმენტები კვლევის შედეგებზე და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ევროპული მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მონაცემებიდან ნათლად ჩანს, დეკრიმინალიზაციის მომდევნო წლებში, ნარკომოხმარებისა და ნარკოდამოკიდებულების სტატისტიკა მკვეთრად არის გაუარესებული.
შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა წარმოდგენილ კვლევის მონაცემებთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს როგორ უნდა წარმართოს ქვეყანამ ნარკოპოლიტიკა, რომ ხელი შეუწყოს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას.
პარლამენტის წევრის, მირიან წიკლაურის შეფასებით, კანონპროექტის ფორმირების პროცესში გამართული ასეთი საქმიანი შეხვედრები ხელს შეუწყობს იმგვარი კანონის მიღებას, რაც ჩვენს ქვეყანას და მომავალს გამოადგება.

















