პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას შეფასებით, მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ქცევის დეკლარაციით ქვეყანაში
შექმნილი ვითარება არ გამოსწორდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ნაჭყებიამ განუცხადა, „ახალ მემარჯვენებს“ წინასაარჩევნოდ ეთიკის კოდექსი არასდროს დაურღვევიათ, არც ძალადობისა და ისეთი ქმდებებისთვის მიუმართვათ, რაც სიტუაციის დაძაბვას გამოიწვევდა, თუმცა, მიუხედავად ამისა „მემარჯვენეები“ მზად არინ დეკლარაციას შეუერთდნენ.
„ჩვენთვის პრობლემა არ არის, დეკლარაციას მოვაწერთ ხელს, მაგრამ არამგონია ამით სიტუაცია გამოსწორდეს. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია - ერთის მხრივ, ეს არის პარტიებს შორის შეთანხმება და აქ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ვერ გაჩნდება“ - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისივე შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სახელმწიფო და მმართველი პარტია პრაქტიკულად ერთმანეთთან შეზრდილია, ეს უკვე თავისთავად სახელმწიფოს ვალდებულებაა კანონმდებლობითაც და კონსტიტუციითაც, რომ წინასაარჩევნო შეხვედრებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უფლებების დაცვა უზრუნველყოს.
ამასთან, მანანა ნაჭყებიას მიაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი დაძაბული სიტუაციის განმუხტვის საუკეთესო საშუალება ნაციონალურ არხებზე დებატების დაწყებაა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ნაციონალურ მაუწყებლებზე დებატები არ დაწყებულა, რაც სიტუაციის განეიტრალებას შუწყობდა ხელს. ეს დაძაბულობა დებატებში გადავიდოდა და საზოგადოებას საშუალება მიეცემოდა თითოეული პოლიტიკური ძალის მისწრაფება, პროგრამა და ის განსხვავებული ხედვები გაეგო, რომელიც მათ აქვთ“ - აღნიშნა ნაჭყებიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიისთვის ერთობლივი დეკლარაციის მიღებას სთავაზობს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკლარაციის ხელმომწერმა პარტიებმა, მიუხედავად არსებითი განსხვავებისა, მრავალ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღიარონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.
„ვაცნობიერებთ რა საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისათვის ძირითად საკითხებზე შეთანხმების აუცილებლობას, ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ - უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია“ - ნათქვამია დეკლარაციაში.

















