საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის საელჩოს მიერ
ინიცირებული და ორგანიზებული სტუდენტური კონკურსის -„ევროკავშირი 2030 წელს“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის დროსაც გამარჯვებული ესეს ავტორები გამოვლინდნენ.
„კონკურსი ბულგარეთის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა. მივესალმები ბულგარეთის საელჩოს აქტივობებს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორიცაა ევროკავშირის და ნატო-ს პრიორიტეტები და დღის წესრიგი. ძალიან რთულია მიიღო გადაწყვეტილება და გამოარჩიო საუკეთესო ესე, ვინაიდან მართლაც გამორჩეულ ნამუშევრებს გავეცანი.“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
კონკურსის ჟიურის წარმომადგენელმა სოფიო ქაცარავამ, საუკეთესო ესეს ავტორებს გიორგი ესაიაშვილს და ბესო ჩუბინიძეს გამარჯვება მიულოცა.
„მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემთვის, გავცნობოდი ახალგაზრდების ესეებს თემაზე: „ევროკავშირი 2030 წელს“, რომლის გამარჯვებულიც ბულგარეთში იმოგზაურებს და ბულგარეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს, პოლიტიკას, კულტურას და ისტორიას გაეცნობა. მივესალმები მსგავს ინიციატივებსა და ღონისძიებებს, რომელსაც ყოველთვის მხარს ვუჭერ“, - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

















