საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ციკლს.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში დღეს საჯარო ლექცია გაიმართება თემატიკაზე - ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1918-1939 წლებში, რომელსაც წაიკითხავს პროფესორი დავით ყოლბაია.
დავით ყოლბაია მიმოიხილავს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებას, დამოუკიდებლობის აღიარების საკითხებს და ქართულ ემიგრაციას პოლონეთში.
დავით ყოლბაია ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის კავკასიოლოგიური კვლევების ხელძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და ქართველოლოგია. 1991 წელს დაარსა ქართული სამეცნიერო ჟურნალი „პრო გეორგია“, 2002 წელს საფუძველი ჩაუყარა ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას. 2005 წელს დააარსა ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური კვლევების ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაჯილდოვებულია ვარშავის უნივერსიტეტის რექტორის ჯილდოთი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის მედლით და ღირსების ორდენით.
საიუბილეო თარიღის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მასშტაბით შემეცნებითი, კულტურული და საზოგადოებრივი აქტივობების ჩატარებაში. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საგარეო უწყების ორგანიზებით, დემოკრატიული რესპუბლიკის თემატიკაზე დაგეგმილია საჯარო ლექციების, ისტორიული ფოტო გამოფენების, ღია კარის დღეებისა და სტუდენტური შეჯიბრების ჩატარება.
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სრული ინფორმაციია განთავსებული საგარეო საქმეთა სამინსიტროს ვებ და სოციალური ქსელების გვერდებზე.
ლექცია 18:00 სთ-ზე დაიწყება.

















