საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია „ქართული ოცნების” მიერ დღეს გორში
დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ.
მათი ინფრომაციით, დაკვირვება პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გორში მიმდინარე იმ მოვლენებს გაუწევენ, რომელიც დღევანდელი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
საია და „სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და სახელმწიფო ორგანოები შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს უზრუნველყოფენ.
„ქართული ოცნების“ აქციას ასევე, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრები დააკვირდებიან.
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია დღეს, გორში ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის წინ მდებარე მოედანზე გაიმართება.

















