პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში, ვაჟა-ფშაველამ
ეროვნული წიაღიდან წამოსული პრიორიტეტებით აჩვენა, რომ საქართველო მენტალურადაც ევროპის ღირსეული ოჯახის წევრია.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, ჩარგალში ვაჟაობაზე შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა.
„21-ე საუკუნეში ვცდილობთ ევროპული ფასეულობათა გაზიარებით და აღიარებით, ჩვენი ევროპული გზა გამოვკვეთოთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ პოლიტიკურად ვისწრაფით ევროპისაკენ. მაშინ, როცა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ვაჟა-ფშაველამ ეროვნული წიაღიდან წამოსული პრიორიტეტებით და თავისი ფრაზებით გვაჩვენა, რომ ჩვენ არა მარტო პოლიტიკურად და გეოგრაფიულად, არამედ მენტალურადაც ევროპის ღირსეული ოჯახის წევრები ვართ“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ვაჟას გზით უნდა იაროს.
დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში დღეს ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი ვაჟაობა აღინიშნება.

















