პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც საქართველოდან ყველა გარბის, ძნელია აფხაზები და ოსები დაბრუნებაზე დაარწმუნო.
„დღეს საქართველომ საზღვრები რომ გახსნას ქვეყანას „კალიასკიანი“ ხალხიც კი დატოვებს. ამ დროს, როგორ უნდა ვურჩიოთ და დავარწმუინოთ ოსები და აფხაზები დაბრუნებაზე, როდესაც ჩვენ თვითონ არ დაგვედგომება ამ ქვეყანაში“ - განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, იმისთვის რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, კომპლექსურად სამართლიანობის აღდგენა ჯერ ქვეყნის შიგნით უნდა მოხდეს.
„ჩვენ გავათავისუფლებთ მედიას, სასამართლო სასამართლოს დაემსგავსება, კონსტიტუცია ჭკუაზე მოვა, ხელისუფლება სახალხო გახდება, ეკონომიკურ კანონმდებლობას დავხვეწთ, შევქმნით თბილ კლიმატს ინვესტიცებისთვის და უკვე ორ წელში საქართველოს მოსახლებაც და ევროპაც იგრძნობს, რომ საინტერესო ქვეყნა ვხდებით. ეს იქნება წინაპირობა, რომ ჩვენ ოს და აფხაზ ძმებს ჩვენთან მოსვლა მოუნდეთ“ - მიაჩნია ივანიშვილს.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და აფხაზებთან და ოსებთან სახალხო დიპლომატიის დამყარება დაიწყება.

















