საზოგადეობა დღეს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასა და პოლიტიკურ დებატებს თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მიადევნებს.
რეგლამენტის თანახმად, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას.
ოპოზიცია მწვავე გამოსვლებისთვის ემზადება. დებატებს უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გახსნის. იგი თავის გამოსვლაში აქცენტებს ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთებს, თუმცა, საუბარი ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის სფეროებსაც შეეხება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია პოლიტიკური დებატების დროს ყურადღებას სოციალურ საკითხებზე, დევნილთა პრობლემებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე გაამახვილებს.
ფრაქციას "ერთობა სამართლიანობისთვის" პოლიტიკურ დებატებში 15 წუთიანი გამოსვლა ექნება. აქედან, 8 წუთი გიორგი ცაგარეიშვილს დაეთმობა.
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში დღეს 20.00 საათზე დაიწყება.

















