საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის უფროსმა არჩილ
ყარაულაშვილმა ევროკომისიის მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის გენერალური დირექტორატისა და ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს ერთობლივ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. ევროკავშირის ერთობლივმა დელეგაციამ დადებითად შეაფასა ევროკავშირის სტრუქტურებსა და საქართველოს შორის ამ მიმართულებით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. იგი ასევე მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს, მათ შორის მიმდინარე საინფორმაციო კამპანიას, უვიზო რეჟიმის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების აღსაკვეთის მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

















