სს „ქართუ ჯგუფში“ ახალი ხელმძღვანელობისთვის დოკუმენტაციის გადაბარების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც „ქართუ ჯგუფის“ იურისტმა ბესიკ დემეტრაშვილმა ჯურნალისტებს განუცხადა, თანამშრომლების შეხვედრა ახალ მმართველთან ვლადიმერ უგულავასთან უკვე შედგა.
„დილით რომ მოვედით, ახლი მმართველი დაგვხვდა. ჩატარდა მცირე თათბირიც, იგი თანამშრომლებს გაგვესაუბრა და გვითხრა, რომ მისი მიზანია შემოსავლების გაზრდა და „ქართუ ჯგუფის“ მიერ მოგების მიღება, რომელიც შემდეგ ბიუჯეტში გადაირიცხება. თათბირის შემდეგ კი, თანამშრომლებთან გაცნობის მიზნით ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს“ - განაცხადა დემეტრაშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის „ქართუ ჯგუფში“ შეფერხებები არ არის და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
როგორც ჟურნალისტებს „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსმა ალა კახნიაურმა განუცხადა, ახალ მმართველთან შეხვედრაზე საუბარი მომავალ თანამშრომლობას შეეხო, ვინმეს სამსახურიდან დათხოვნის საკითხი არ განხილულა.
რაც შეხება „ქართუ ბანკს“, გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის თანამშრომლებმა ახალ მმართველთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
როგორც დღეს დილით უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა გურამ ჩიკვილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ თანამშრომელთა დათხოვნის შედეგად, ბანკი ფინანსურ ოპერაციებს ვერ ახორციელებდა, რადგან გათავისუფლებულ 8 პირს შორის იყო მთავარი ბუღალტერი მანანა ნადირაზე და ამის გამო საცავი დროულად ვერ გაიხსნა. თუმცა, ამ დროისთვის ბანკის მუშაობაში შეფერხება არ არის.
როგორც ცნობილია „ქართუ“-ს ვიცე-პრეზიდენტად, ახალმა მმართველმა ეროვნული ბანკის სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ზარქუა დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭოში კი - ვლადიმერ უგულავასთან ერთად, ასევე ირაკლი ზარქუა და როინ ცაციაშვილი შედიან.
ბანკის დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ორშაბათს გახდება ცნობილი.

















