ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები ხელისუფლებას მუშაობის საშუალების მიცემას სთხოვენ.
ამის შესახებ „მაესტროს“ ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი,
რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომლებმა დღეს, პარლამენტის წინ დაწყებულ აქციაზე წარმოადგინეს.
„მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა! მოხსენით ყადაღა! დაუშვით მაესტრო ყველა ოჯახში! ჩვენთვის წართმეული თქვენ მაინც დაარიგეთ!“ - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „მაესტროს“ განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია, უფლება აქვთ მოისმინონ განსახვავებული აზრი, ამ პრინციპებს ისინი, ყოველდღიურად იცავენ და მათი სურვილია ეს მაყურებელმა შეუფერხებლად ნახოს.
„მოგვეცით შესაძლებლობა შევასრულოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობა და დავიცვათ მოქალაქეების უფლება მიიღონ ინფორმაცია, რისი შეზღუდვაც მავნებელია“ - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
ამ წუთებში პარლამენტთან „მაესტროს“ თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ინგლისურენოვანი ტრანსპარანტები უჭირავთ, რომლებზეც აღნიშნულია, რომ ითხოვენ მუშაობის უფლების მიცემას.
პარლამენტის წინ ასევე, შეკრებილი არიან რიგითი მოქალაქეები, ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ტელეკომპანია „მაესტროს“ სოლიდარობას უცხადებენ.
პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ რამდენიმე დღის წინ „მაესტროს“ ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო. ტელეკომპანია აღნიშნული ანტენების მოსახლეობისთვის დამონტაჟებას გეგმავდა. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნულ ანტენებს მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად გამოიყენებენ, იმავე სქემით, როგორც ეს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ განხორციელდა.

















