თავდაცვის ყოფილი მინისტრის გია ყარყარაშვილის შეფასებით, თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი მხარდამჭერები საქართველოს პოლიტიკური მტრები არიან,
მაშინ ქვეყნის მტერი არა რუსეთი, არამედ საქართველოს მოსახლების ნახევარი ყოფილა. ამის შესახებ ყარყარაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ საქართველოს ივანიშვილის და მისი მხარდამჭერების სახით პოლიტიკური მტერი ჰყავს, მაშინ ჩვენი ქვეყნის მტერი არა რუსეთი, არამედ ნახევარი მოსახლეობა ყოფილა. ამ ხელისუფლებამ პოლიტიკურ სტრატეგიად განსხვავებული აზრის მქონე ყველა ადამიანის მტრად შერაცხვა აირჩია, რაც ქვეყანაში სიძულვილის დათესვას ემსახურება“ - განაცხადა ყარყარაშვილმა.
მისივე შეფასებით, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვედრაზე ხელისუფლების მომხრეებს ახვედრებენ და მათთან უწევთ ლაპარაკი, ამ დროს, ხელისუფლება თბილისშიც და რეგიონებშიც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს იგნორირებას უკეთებს.
რაც შეეხება მმართველი ძალისა და „ქართული ოცნების“ პროგრამის შეფასებას, ყარყარაშვილის თქმით, კოალიცია ბრალს ერთ ადამიანს უყენებს და სხვა ყველას მიმართ პატივისცემას გამოხატავს, „ნაცმოძრაობამ“ კი, პირიქით გააკეთა.
„როგორც იცით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილი, რომ მოვიდა მხოლოდ ორი ადამიანის - „აჭარის პრეზიდენტის“ ასლან აბაშიძის და „თბილისის პრეზიდენტის“ ედუარდ შევარდნაძის მიმართ გამოხატა პატივისცემა, დანარჩენი ყველა დაისაჯა და მსხვერპლი აღმოჩნდა“ - განაცხადა ყარყარაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არის სხვაობა ამ ორი ძალის პროგრამას შორის.

















