„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით,
წინა თვეებთან შედარებით, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დამძიმდა.
მესამე შუალედური ანგარიში, დღეს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ წარადგინა.
ანგარიშის თანახმად, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან 7 მოქალაქე გაათავისუფლეს, დაფიქსირდა მუქარისა და ზეწოლის 17 ფაქტი, მათ შორის, ერთი - ბიზნესზე ზეწოლის, ექვსი - მოქალაქეებზე ზეწოლის და ათი - პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის.
ანგარიშში, ასევე, მოყვანილია პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების ოთხი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შვიდი, მოსყიდვის ხუთი და სოციალური დახმარების ერთი შემთხვევა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, წინა თვეების განმავლობაში, სამსახურიდან გათავისუფლების 110 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ამჯერად, სიტუაცია შეცვლილია. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები ძირითადად კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში ფიქსირდება.
„ანგარიშში, ასევე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ძალადობრივი ქმედებები პოლიტიკურ პარტიებსა და მომხრეთა შორის მუქარისა და ზეწოლის შემთხვევები. სიახლეა, ასევე, პოლიტიკური პარტიების აქტივისტების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობები“ - განმარტა ლომჯარიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ მხრივ სიტუაცია განსაკუთრებით რეგიონებში დაიძაბა, რადგან იქ ძალადობრივი ქმედებები გახშირდა.
„ზოგ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან ადგილი არაერთგვაროვან მიდგომას აქვს და ცალკეულ შემთხვევებში სანქციის შეფარდება არაპროპორციულად ხდება. მაგალითად, სიტყვიერი ურთიერთშელაპარაკების გამო, „ქართული ოცნების“ აქტივისტს“ ზაქარია ქინქლაძეს 45 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს“-განაცხადა ლომჯარიამ.
ორგანიზაციის დაკვირვებით, 4 ივნისიდან 1 ივლისამდე პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“ - 105, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 57, „ახალმა მემარჯვენეებმა“ - 34,ხოლო „ქრისტიან დემოკრატებმა“-11 საჯარო შეხვედრა გამართეს.
ლომჯარიას განმარტებით, ბოლო თვის განმავლობაში ოთხი ძირითადი პოლიტიკური პარტიის დაპირებები მნიშვნელოვნად დაახლოვდა, რადგან მათი დაპირებები სოფლის მეურნეობის განვითარებას, დასაქმებას და სოციალური დაზღვევის პროგრამებს ეხება.
„სამართლიანი არჩევნების“ კვლევები არჩევნებამდე ყოველთვიურად გაგრძელდება. დღეს გამოქვეყნებულ კვლევა უწყებათაშორის კომისიას გადაეგზავნება, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნობენ.

















