განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართულ ოცნებაზე" ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა გრძელდება და საქართველოს კონტროლის პალატამ გადაწყვეტილება უკანონოდ მიიღო.
"გასათვალისწინებელია ის, რომ 2012 წლის 6 თებერვალს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს კონტროლის პალატას ადმინისტრაციული საჩივარით მიმართა, რომლის განხილვაც მიმდინარე წლის 2 მარტსაა დანიშნული. ამდენად, თუ 2 მარტს დაკმაყოფილდება საჩივარი და საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებაზე" არ გავრცელდება კონტროლის პალატის მონიტორინგი, მაშინ კონკრეტული პირების მოქმედებებში სამართალდარღვევის ნიშნების ძიება აზრს დაკარგავს"- ნათქვამია განცხადებაში.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით, ადვოკატებმა კონტროლის პალატას შუამდგომლობით მიმართეს და 27 თებერვალს დანიშნული საქმის განხილვის 2 მარტისთვის გადადება მოსთხოვეს, რაც კონტროლის პალატამ სრულიად უკანონოდ არ დააკმაყოფილა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ , რომ კონტროლის პალატის დღევანდელი დადგენილება შემოწირულობის განხორციელების კანონიერებასა და ყველა პირის ერთდროულად დაჯარიმებასთან დაკავშირებით უკანონოა და გადაწყვეტილება პროცედურული საფუძვლების დარღვევითაა მიღებული.
"საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" აგრძელებს ბრძოლას სასამართლოში და კვლავაც შეეცდება სამართლებრივი გზით შეაჩეროს კონტროლის პალატის უკანონო მოქმედებები"- ნათქვამია განცხადებაში.
კონტროლის პალატამ შპს "ქართუ მშენებელს", მის ფინანსისტ ნუგზარ ხუციშვილსა და "ქართულ ოცნებას" 200-200 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
კონტროლის პალატის მონიტორინგის ხელმძღვანელის, ნათია მოგელაძის განაცხადებით, კონტროლის შესწავლისა და ანალიზის შედეგად კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნუგზარ ხუციშვილისთვის მიღებული პრემია შეუსაბამოა როგორც მისი ხელფასის, ასევე მის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის.
ნათია მოგელაძის განმარტებით, იურიდიულმა პირმა ფიზიკური პირის მეშვეობით უკანონო შემოწირულობა "ქართული ოცნების" ანგარიშზე განახორციელა, რაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

















