პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე თბილისსა და რეგიონებში
სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და აღნიშნული უფლებამოსილების მუნიციპალიტეტებზე გადაცემის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში წარმოადგინეს და აღნიშნულ საკითხზე დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა. სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია.
როგორც თეიმურაზ მურღულიამ აღნიშნა, ქვეყნის მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროინტეგრაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების მაქსიმალურად ეფექტურად წარმართვისთვის, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის დეცენტრალიზაციის საკითხები. დეცენტრალიზაციის კუთხით, მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი უფლებამოსილების გადაცემის ფარგლებში, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განათლების საკითხები ჩაითვალა და პირველი ეტაპის პრიორიტეტებიც განისაზღვრა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტებმა მაქსიმალურად დაიწყონ ჩართულობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა სასკოლო შენობების რეაბილიტაციის და მშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრა, ასევე ჩაერთონ ისეთ სერიოზულ პროგრამაში, რომელიც არის მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა.
საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული უფლებამოსილებების დელეგირება მუნიციპალიტეტებზე ნამდვილად სწორი იქნება, რადგანაც მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლის შენობების რეაბილიტაცია და ახალი სასკოლო ობიექტების მშენებლობა რაც შეიძლება უმოკლეს დროში მოახდინონ. დღეს ამის შესაძლებლობას საკანონმდებლო სისტემა არ იძლევა. თუმცა ყველა შეთანხმდა იმ საკითხში, რომ ამ ნაბიჯებს შესაბამისი ფინანსური რესურსების გამოყოფაც უნდა მოჰყვეს. ამგვარად, უნდა გაიზარდოს განათლების სფეროს ბიუჯეტი და ასევე უნდა განისაზღვროს ის უნივერსალური ფორმულა, რომლითაც მოხდება რესურსების გადანაწილება. თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, განაწილების სწორი ფორმულის შემუშავება პრინციპული საკითხია, რომლის განსაზღვრაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მან მზადყოფნა გამოთქვა პარლამენტთან ერთად იმუშაონ სწორი მოდელის შესაქმნელად.
შეხვედრის დასასრულს, სხდომის მუშაობა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ შეაჯამა.
„ამ დისკუსიის შედეგად, ჩვენ და, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამაც დაინახა კიდევ ერთხელ, რომ საკითხი არის მნიშვნელოვანი, უაღრესად საყურადღებო, მაგრამ ამ საკითხს პირველ რიგში სჭირდება კარგად დაგეგმვა და მხარდაჭერა. ეს ორი კომპონენტი არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ რესურსი იმისა, ჩვენ ამ ორი კომპონენტის მიმართულებით ვიაროთ, არსებობს. ამავდროულად, ხაზგასმით მსურს ვთქვა, რომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ დეცენტრალიზაციაზე, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში გულისხმობს მუნიციპალიტეტებისთვის ახალი უფლებამოსილების გადაცემას ახალ და მეტ ფინანსურ რესურსთან ერთად. ამიტომ ამ პარადიგმაში სრულად თავსდება შემოთავაზებული კონცეფცია. რაც შეეხება ნიუანსებს, რა თქმა უნდა ისინი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელი საპარლამენტო განხილვა არ იქნება ერთად ერთი და მნიშვნელოვანია, რომ იმ საკითხებს, რომლებიც აქ წამოიჭრა, ჩვენ შესაბამის ფორმატში მივუბრუნდებით და, საბოლოოდ, პარლამენტს ექნება ჩამოყალიბებული, სრულფასოვანი პოზიცია და რეკომენდაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

















