საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გორის რაიონის სოფელ კარალეთში მომხდარ ინციდენტს გმობს.
როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინტერნეტ-გამოცემა qartli.ge-ს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრას კარალეთში, დევნილთა დასახლებაში იღებდა, რა დროსაც გორის მაცხოვრებლებმა გიგი და გოგიტა გოჩაშვილებმა, ასევე, ქურთის თემის გამგეობის თანამშრომელმა ლევან მაისურაძემ, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
განცხადების თანახმად, მოქალაქეების ერთი ჯგუფი საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ჩასული აქტივისტების მიმართ აშკარა აგრესიას გამოხატავდა.
„სააგენტო „ინფო-9“-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან აშკარად ჩანს აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. ცალკეული პირები მასმედიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს ქვებსაც ესროდნენ, რა დროსაც რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, მერეთისა და დირბის ინციდენტის შემდეგ, ეს არის შემთხვევა, როდესაც პოლიცია მისთვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების - მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების კონტრდემონსტრანტებისაგან დაცვას ვერ ახერხებს.
„შეკრების მონაწილეთა მიმართ ძალადობისას პოლიციის ეფექტური ჩარევის არ არსებობის პირობებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“- აღნიშნულია განცხადებაში.
საია კარალეთში მომხდარ ინციდენტს გმობს და ძალადობრივ აქტებში საჯარო მოხელეების მონაწილეობით შეშფოთებულია.
მათი ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ქურთის თემის გამგეობის თანამშრომლის ლევან მაისურაძის მონაწილეობა სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობის ნიშნებს შეიცავს. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, გამოიკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
საია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
კარალეთში გუშინ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ჩასვლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. კოალიციის ლიდერები და წარმომადგენლები დევნილთა დასახლებაში ჩავიდნენ და დევნილებთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა, როგორც კი ისინი ავტომანქანებიდან გადმოვიდნენ, მათ ქვები დაუშინეს. კარალეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები სოზარ სუბარი და კახი კალაძე იმყოფებოდნენ.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულები არიან სააგენტო "ინფო-9"-ის წარმომადგენლები - თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, "მე-9 არხის" ჟურნალისტები - ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია "თრიალეთის" წარმომადგენლები - ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი.

















