ჯენევაში მოლაპარაკებების 43- ე რაუნდი გრძელდება.
დისკუსიის ფორმატში ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეც განიხილეს.
ასევე, უნდა იმსჯელონ ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების თაობაზე, თუმცა უცნობია, მოხდება თუ არა ამ ტექსტის დღესვე შემუშავება.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა აცხადებს,
„მთავარი აქცენტი გავაკეთეთ ტატუნშვილის საქმეზე, რაზეც სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფერი შინაარსიანი ვერ გავიგეთ, ვერც ცხინვალის წარმომადგენლებისგან, მათ იგივე განცხადება წაიკითხეს, რასაც თავის დროზე აკეთებდნენ, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მოხდა მკვლელობა, იმ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, რომელიც იყო უკანონოდ დაკავებული, ახლა მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც უნდა დასრულდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი არის ნაწამები და ის, ვინც დამნაშავეა სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. რასაც გამოძიება არ სჭირდება ესაა ის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ვინცაა კონტროლის განმახორციელებელი, ესაა რუსეთის ხელისუფლება“- განაცხადა დონდუამ.
მისივე თქმით, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა პროვოკაციული განცხადებების მიხედვით სავარაუდოა, რომ ისინი ამ მოლაპარაკებების არასწორი მიმმართულებით წაყვანას და შემდეგ მის ჩაშლას აპირებენ.
„რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გააკეთეს ისეთი პროვოკაციული განცხადებები, რაც მიანიშნებს, რომ ისინი არ არიან მზად წამოვიდნენ კონსტრუქციულ დიალოგზე და ამ მოლაპარაკებების არასწორი მიმმართულებით წაყვანას აპირებენ და საბოლოოდ ჩაშლას, მაგრამ მოდი საბოლოოზე ჯერ ნუ ვილაპარაკებთ, მაგრამ მთავარი განხილვა იქნება ნაშუადღევს, მაგრამ ის, რაც მოხდა დღისით, მიანიშნებს, რომ თუ ვინმე იყო კუთხეში მოქცეული არა ჩვენ, არამედ რუსეთი იყო.
საუბარია ძალის არგამოყენების ერთობლივ განცხადებაზე, მაგრამ ეს კომენტარები მიმართულია იმისკენ, რომ მოლაპარაკეები კონსტრუქციული მიმართულებით არ წავიდეს“- განაცხადა დონდუამ.

















