ჟენევაში მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საპარლამენტთაშორისო კავშირის
(IPU) რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში, სინგაპურის, ბოლივიის, იაპონიის და ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. საპარლამენტო დელეგაციების წევრებმა საქართველოს მხარეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დაუდასტურეს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საერთაშორისო პარტნიორებს დეტალურად გააცნეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა დეოკუპაციის მიმართულებით.
შეხვედრებზე ქვეყნებს შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის განვითარების გზებს, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკა უცვლელია და ქვეყანა განაგრძობს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ. კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები - ნინო წილოსანი, ირაკლი მეზურნიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

















