„მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს, უფრო ძლიერ კონსტიტუციურ სისტემას, უფრო ძლიერ
დემოკრატიულ სისტემას და ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო ფართოდ იქნება სხვადასხვა ინტერესები წარმოდგენილი ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში და ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი კანონპროექტს გენდერული კვოტირების შესახებ,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემაში სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების ინიციატივის განხილვისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს უჭერს. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის სტატისტიკური მაჩვენებელი შემაშფოთებელია და მდგომარეობის გაუმჯობესება კვოტირების ამოქმედების გარეშე ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება.
„მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია გენდერულ კვოტირებასთან. იმთავითვე მინდა აღვნიშნო, რომ მე მყარად ვუჭერ მხარს ამ ინიციატივას, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე.
მე მგონია, რომ საქმე არის საკმაოდ მარტივად. საქართველოს უკავია 130-ე ადგილი მსოფლიო ქვეყნებს შორის ქალთა წარმომადგენლობის კუთხით. საქართველოს პარლამენტში არის ძალიან მცირე რაოდენობით წარმოდგენილი ქალბატონები, რაც ვფიქრობ, არის შემაშფოთებელი მაჩვენებელი.
ზოგადად, ჩვენი მეგობრებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, ქალთა მონაწილეობის ზრდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არის ქვეყნის საერთო პროგრესის მნიშვნელობის ინდიკატორი. ასე აღიქმება ეს ყველაფერი ჩვენი მეგობრების და ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ესეც არის ერთ-ერთი არგუმენტი ჩემთვის,რომელიც მიმყარებს რწმენას, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ გავზარდოთ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში. ამის გაკეთება იქნება ძალიან რთულიდა წაიღებს ძალიან ბევრ დროს გენდერული კვოტების ამოქმედების გარეშე და ეს პროცესი იქნება ნელი. თუ ჩვენ გვინდა, რომ სწრაფ წინსვლას მივაღწიოთ ამ მიმართულებით, მომდევნო წლების განმავლობაში, ზუსტად ამას უზრუნველყოფს კვოტირების შემოთავაზებული მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს პარლამენტის წინაშე“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის, რომ საქართველოს პარლამენტში 15%-ით არიან წარმოდგენილი ქალბატონები, არ არის ბუნებრივი მდგომარეობა და ეს მოცემულობა არ ასახავს საზოგადოებაში არსებულ ვითარებას, არსებულ ბალანსს და რეალურ მდგომარეობას. კვოტირების საშუალებით კი მოხდება ბუნებრივი პროპორციის უზრუნველყოფა.

















