საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ სოლომონის კუნძულების გენერალ-გუბერნატორს, მ.ა. სერ ფრენკ ოფაგიორო კაბუის
რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია ქ. ჰონიარაში, მთავრობის სახლში გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოლომონის კუნძულების საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, მილნერ ტოზაკა ესწრებოდა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში წარმოთქმულ სიტყვაში, გიორგი დოლიძემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ელჩმა მადლობა გადაუხადა სოლომონის კუნძულებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში გამოთქმული მხარდაჭერისთვის.
სოლომონის კუნძულების გენერალ-გუბერნატორმა, თავისი ქვეყნის სახელით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს განვითარების სფეროში სოლომონის კუნძულებისთვის გაწეული დახმარებისთვის.
ჰონიარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ორმხრივი შეხვედრები გამართა სოლომონის კუნძულების პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. ელჩი ასევე შეხვდა ქ. ჰონიარაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს. შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

















