პარტია „საქართველოს გზის“ ყოფილი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს
სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მიაჩნია, რომ იგი არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას შექმნილი ურთულესი მდგომარეობიდან გამოიყვანს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დუმილის დრო დასრულდა, ის საქართველოში ჩამოვიდა და ივანიშვილს მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებს.
„მე არ ვიქნები მაჟორიტარი კანდიდატი და არც „ქართული ოცნების“ სიაში ვიქნები. დავიწყებ სახელმწიფო საქმიანობას, როგორც კი ამის დრო იქნება და ეს დრო გარწმუნებთ ძალიან მალე დადგება“ - განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ის არ საუბრობს რაიმე პოსტებზე ან თანამდებობების გადანაწილებაზე.
მისი თქმით, შეასრულებს ნებისმიერ იმ საქმეს, რომელიც ქვეყანას დასჭირდება.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ის და ბიძინა ივანიშვილი შეთანხმდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ეტაპზე თავის დღევანდელ საქმიანობას გააგრძელებს საერთაშორისო ასპარაზზე და იმუშავებს პროფესიონლი კადრების მოზიდვაზე, რომელიც საქართველოს გამოადგება.
„ჩემთვის ძალიან ღირებულია ეს საქმე, რადგან უცხოეთში არიან ადამიანები, რომელებიც ქვეყნისთვის ძალას და კაპიტალს წარმოადგენენ. გამოცდილი კადრების არარსებობა დღეს საქართველოს ერთ-ერთი სისუსტეა“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ივანიშვილის სტრატეგიას - შეცვალოს ხელისუფლება არჩევნების გზით.
„ეს არის ნამდვილი ქართული ძალა და ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ძალას არჩევნებში გამარჯვებაში და მოვიშოროთ კიბო“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება „საშინელ პოლიტიკას ეწევა, რომელიც ანადგურებს საქართველოს სახეს, სახელს და სურათს“.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტია „საქართველოს გზას“, მისი თქმით, ის მუშაობას დამოუკიდებლად განაგრძობს და არ არის აუცილებელი ყველა პარტია ერთ დიდ პარტიად გაერთიანდეს.
„საჭიროა, ყველამ თავის იდენტობა შეინარჩუნოს“ - განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ „საქართველოს გზა“ კოალიციასთან ითანამშრომლებს.
პრესკონფერენციის შემდეგ ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს კვირას დატოვებს.
„ძალიან მალე შევხვდებით და ძალიან კარგ პირობებში. უნდა დასრულდეს ეს ვითომ მშენებლობა, რაც სინამდვილეში ნგრევაა“- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

















