პარტია "თავისუფალი საქართველო" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვაკანტურ თანამდებობეზე გამოცხადებულ კონკურსს აპროტესტებს.
პარტიაში აცახდებენ, რომ თვითმმართველობა თითოეულ კადრს წინასაარჩევნოდ საკუთარი მეგობრებისა და ნათესავების რიგებიდან არჩევს, რათა მათ "ნაციონალებისთვის" საარჩევნო ხმებზე აქტიურად იმუშაონ.
"სულ 7 "ვაკანტური"ადგილია, არადა ამ ადგილებზე უკვე მუშაობენ საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ბაღაშვილის და მისი მეგობრის და მრჩეველის ილია ნატროშვილის მიერ შერჩეული კადრები", - აცხადებს "თავისუფალი საქართველო"-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი.
"თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების და საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ვინაობა უკვე ცნობილია.
"უკვე ცნობილია რომ ხელმძღვანელად უნდა დაინიშნოს დედოფლისწყაროს N14 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით ბუჩუკურის მეუღლე ეკა სიმაკურიძე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სპეციალისტისა და მძღოლის ადგილებზე უკვე შერჩეულია ხალხი და კონკურსი მხოლოდ ფორმალურად ტარდება", - აცხადებენ პარტიაში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა თვითმმართველობის ორგანოში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი 20 თებერვალს გამოაცხადა.

















