კომპანია "სითი პარკი" თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე
ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღის გადავადებას ითხოვს.
ამ მოტივით "სითი პარკის" ადვოკატებმა მერიაში განცხადებაც შეიტანეს.
იურისტ ნათია წკეპლაძის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა იქნას ხელშეკრულების გაწყვეტაზე საუბარი.
"დღეს შევიტანეთ განცხადება მერიაში და მერს ვთავაზობთ, გადაავადოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღი სასამართლო დავების დასრულებამდე. ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს ყველა განკარგულება თითქოსდა ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო. მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება მსჯელობა ხელშეკრულების გაწყვეტაზე", - განაცხადა წკეპლაძემ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია სითი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო. თუმცა, ხელშეკრულება ვადამდე, 2018 წლის 10 აპრილს შეწყდება.

















