პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მისთვის პოლიტიკოსის ეტალონია.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, ზაქარეიშვილის წყალტუბოს მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენისას აღნიშნა.
„პაატა ჩემთვის ეტალონი პოლიტიკოსია და ამაში არ შევმცდარვარ. ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ კონფლიქტების მსხვერპლია და ამ ხელისუფლების პირობებში კრიზისი უფრო გაღრმავდა, მაგრამ ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელსაც დიდ ნდობა აქვს, როგორც აფხაზური, ისე ოსური მხრიდან“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
მისივე შეფასებით, ოსები და აფხაზები კარგად გრძნობენ, რომ ზაქარეიშვილს არსებული მდგომარეობა გულთან ახლოს მიაქვს, შესაბამისად, მათთვის მისაღები და საყვარელია.
„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პაატა ზაქარეიშვილს ექნება პირდაპირი ფუნქცია, რომ დავიბრუნოთ ჩვენ აფხაზი და ოსი ძმები და ჩვენი ტერიტორიები“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

















