საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და
ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია განიხილეს.
პროექტი კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ წარუდგინა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ არჩილ თალაკვაძეს რეზოლუციის ინიცირებისთვის და მისი განხილვის პროცესის ჯანსაღად წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს რეზოლუციის ინიცირებისა და მისი განხილვის პროცესის ჯანსაღად წარმართვისთვის. ასევე, ყველა კოლეგას განხილვებში აქტიური ჩართულობისთვის. დაუშვებელია ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი არ არის გადმოსვენებული მის ოჯახში, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა და ძალისხმევისა, რასაც ეხმიანება წარმოდგენილი რეზოლუცია. დოკუმენტი ასახავს ფაქტების ქრონიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის უხეში დარღვევასთან დაკავშირებით, რაც წლების განმავლობაში გრძელდება. მისასალმებელია, რომ კონსულტაციების შედეგად, რეზოლუციის ტექსტში ასახულ პრინციპული საკითხებზე შეჯერება მოხდა“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე აღნიშნა, სპეციალური რეზოლუცია ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს ასევე, ყველაზე მძიმე დანაშაულს - ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლე შეეწირა.
„საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკთა რაც მის შესაძლებლობებში იყო ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებმა გააკეთეს ძალიან ობიექტური და მკვეთრი განცხადებები, მიუხედავად ამისა, ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ არის გადმოსვენებული საკუთარ ოჯახში და ჯერ კიდევ არ ეძლევა ოჯახს საშუალება გარდაცვლილი წევრი მიწას მიაბაროს. შეუძლებელია, ამ ფაქტს იმაზე მკაცრი შეფასებები მიეცეს ვიდრე უკვე გაკეთდა. ამ რეზოლუციაში ასახულია მკაცრი შეფასებები ამ ფაქტთან და ადამიანის უფლებების ყველა იმ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მოხდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, რეზოლუციაში ასევე, არის კონკრეტული მოთხოვნები მათ შორის, გამოძიების წარმოება საერთაშორისო აქტორების ჩართულობით. „ეს არის ადამიანის უფლებების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არის პირველ რიგში არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება და ეს არის სპეციალური სიის ფორმირება, რომელიც იქნება ინსტრუმენტი იმისა, რათა ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძემ ყველა კოლეგას მადლობა გადაუხადა, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკურ კონსულტაციებში და როგორც აღნიშნა, ეს არის ის საკითხი სადაც საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას საკამათო არაფერი აქვს.
„დღეს ჩვენ ვართ იმ პარლამენტში რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, მშვიდობიანი განვითარების სიმბოლოა. სიტყვა, რომელიც უნდა ითქვას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, არის პარლამენტის ის სიტყვა, სადაც ორი განსხვავებული აზრი ვფიქრობთ, არ შეიძლება ყოფილიყო. ამ სულისკვეთებით შედეგიანად დასრულდა ის კონსულტაციები, რომელიც რეზოლუციის ტექსტს ეხებოდა. მიმდინარე კვირაში გამართულ სესიაზე პარლამენტი მიიღებს ერთიან პრინციპულ რეზოლუციას. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ის შემოთავაზებები სადაც არგუმენტაცია იყო მყარი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ტექსტში იქნება ასახული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, სულისკვეთება არის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. „ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თითოეულ ფაქტზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფას, ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს ეხება ჩვენ გვექნება ძალიან პრინციპული და მკაცრი პოზიცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წინადადებით გამოვიდა, აღნიშნულ რეზოლუციაში, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის გარდა, დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერი დაემატოს.
„უპრიანი იქნება და საჭიროც არის ამ რეზოლუციაში გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის გვერდით, იყოს დავით ბაშარულის შემთხვევაც", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დეპუტატებმა სხდომაზე რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ცვლილების აუცილებლობაც აღნიშნეს. როგორც აღინიშნა საკითხის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანამდე ტექნიკური ცვლილებების განხორციელებისთვის კონსულტაციები კვლავ გაიმართება.

















