პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე ლილოს დასახლებაში კონცენტრირებული ქლორის გაჟონვის ფაქტზე ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარების ნიშნებს ხედავს.
როგორც ომანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული პირები, შესაძლოა, დამნაშვენი არ არიან.
„ბოლო დროს, საქართველოში ტენდენცია გაჩნდა, როდესაც ხელისუფლება პასუხისმგებლობას სხვა პირებს გადააბარებს, კერძოდ, მათზე ვინც, შესაძლოა, მომხდარში სრულებით არ არიან დამნაშავენი. ამის ნათელი მაგალითი ქუთაისში პარლამენტის შენობის ნაწილის ჩამონგრევაა, როდესაც სამართალდამცავებმა სამშენებლო კომპანიის საქმის მწარმოებელი დავით ქავთარაძე დააკავეს“ - განაცხადა ომანიძემ.
მისი თქმით, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, მშენებლობის დაჩქარებული წესით დასრულებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის საჯარო მუქარამ გამოიწვია.
„ქართული საგამოძიებო ორგანოების მიმართ დაბალი ნდობის გამო, საჭიროა საქმის დეტალებზე საზოგადოების უკეთ ინფორმირება“ - განმარტა ომანიძემ.
მისივე თქმით, პარტიის სურვილია ლილოს ინციდენტში ბრალდებულთა ადვოკატებთან და ოჯახებთან მჭიდრო ურთიერთობა, რათა გამოძიებაში, შესაძლო, დარღვევებზე, პარტიას ინფორმაცია მიაწოდონ.
3 ივლისის ღამით, ლილოს დასახლებაში შპს „კრისტალის“ კუთვნილი ავზიდან ქლორმა გაჟონა, რამაც 80-მდე ადამიანის მოწამვლა გამოიწვია, 18 წლის ლაშა ნარიმანიძე კი, გარდაიცვალა.
ინციდენტის შედეგად „კრისტალის“ ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი და შპს „სენტიმენტალ ჯიემჯი“-ის წარმომადგენელი გოჩა ყულეჭიშვილი დააკავეს.

















