კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სიბერემდე იგი საქართველოს ევროპულ ქვეყნად გადაქცევას აპირებს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.
კოალიციის ლიდერის თქმით, ის პოლიტიკაში არა შემთხვევით, არამედ იძულებით მოვიდა, რადგან საქართველო გასაჭირში ვერ მიატოვა.
„მიმაჩნია, რომ კარგი და სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რაც შეეხება პოლიტიკიდან წავლას, წავალ აბსოლუტურად შეგნებულად და არა ისე, რომ ქვეყანა დაზარალდეს. მაქსიმალურად ავაწყობ გუნდს და საინტერესო ხელისუფლებას დავტოვებ, რის შემდეგაც უკვე პოლიტიკიდან წავალ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკიდან წასვლაში ქვეყნიდან წასვლა არ იგულისხმება, იგი საზოგადოების აქტიურ წევრად დარჩენას აპირებს.
„სანამ ენერგია მექნება ვიბრძოლებ, რომ საქართველოში სამოქალაქო სექტორი ჩამოყალიბდეს, ეს არის ის, რაზეც სწორება უნდა გავაკეთოთ და წავიდეთ ევროპისკენ“- აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.

















