საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ლონდონს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, დავით დონდუამ და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართეს დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თავდაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორთან ანგუს ლეპსლისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის უსაფრთხოების საკითხებში არსებული აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. დავით დონდუამ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებზე. ასევე, აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული საგანგაშო ვითარების საპასუხოდ.
შეხვედრაზე ანგუს ლეპსლისიმ დაადასტურა ბრიტანეთის მხარდაჭერა ყველა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ ანგუს ლეპსლი საქართველოში მიიწვია.
ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა დავით დონდუას შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორთან ნიკ გართან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დიდ ბრიტანეთში ელჩი თამარ ბერუჩაშვილი და საქართველოს თავდაცვის ატაშე ირაკლი ნინუა.
შეხვედრის ძირითადი თემა იყო ბრიტანეთთან სამხედრო-პოლიტიკური და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმოხილვა ორმხრივ და NATO-ს ფარგლებში, NATO-სამიტის მოსამზადებელი საკითხები, ასევე თანამშრომლობის გააქტიურების პრიორიტეტები.
შეხვედრის ბოლოს, დირექტორმა ნიკ გარმა დაადასტურა მზაობა მონაწილეობა მიიღოს საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაში.
ასევე ვიზიტის ფარგლებში, დავით დონდუა სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის - Chatham House ყოველწლიურ კონფერენციაზე - Security and Defence 2018: New realities, new rules. საკუთარ გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა საქართველოს ხედვა ევროპის უსაფრთხოების შესახებ, საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებული სამხედრო-პოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით. მან ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოსა და რეგიონის უსაფრთოხებისთვის. სესიის დასასრულს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

















