საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში რუმინეთის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ და ელჩმა ისაუბრეს საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, წლის განმავლობაში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებზე როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩეოდა გასული წლის განმავლობაში და გამოიკვეთა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას ასევე ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც.
როგორც მინისტრის მოადგილემ, ისე ელჩმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის სრულად ათვისება. ამ მხრივ, აღინიშნა როგორც სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფის, ისე ორი ქვეყნის ურთიერთდამაკავშირებელი პროექტების განხორციელების მნიშვნელობა, კერძოდ, საბორნე მიმოსვლის აღდგენისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ამოქმედების მხრივ.

















