ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ბიძინა გეგიძის განცხადებით,
ფრაქცია საკანონმდებლო ინიციატივით გამოვა, რომელიც ჯანსაღი სივრცეების მოწყობას, გარემოს დაცვა-შენარჩუნებასა და განვითარებას შეეხება.
ბიძინა გეგიძის თქმით, ეს არის უმთავრესი პრობლემა, რომელიცსაზოგადოების ყველა სეგმენტის, ყველა პოლიტიკური ჯგუფის, საჯარო და კერძო სექტორის მიერაა აღიარებული.
„დღესდღეობით საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნა უნდა წარმოადგენდეს, რაც, ერთი მხრივ, მოიცავს არსებული სკვერებისა და პარკების მოწესრიგებას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, სარეკრეაციო ზონებში სპორტული მოედნების ინტეგრირებას, მეორე მხრივ კი, პოპულარიზაციას უწევს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პრაქტიკის დამკვიდრებას“,-აღნიშნა ბიძინა გეგიძემ.
რბიძინა გეგიძემ აღნიშნა, რომ ფრაქციის სხდომაზე შეჯერებული პოზიციის მიხედვით, აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს ცვლილებებსა და დამატებებს კანონმდებლობაში, კერძოდ: საქართველოს კანონში „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“; საქართველოს კანონში „სპორტის შესახებ“; საქართველოს კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“; საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში“.
„ეს ცვლილებები არა მხოლოდ ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების გადაჭრას, არამედ სტიმულს მისცემს და წაახალისებს ჯანსაღი გარემოს, სპორტული მოედნებისა და სარეკრეაციო ტერიტორიების ერთ სივრცეში შერწყმასა და განვითარებას"- განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

















