საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ბათუმში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის
საკითხებში ევროკომისრ შტეფან ფულეს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოში დაგეგმილი მომავალი საპარლამენტო არჩევნები განიხილეს.
გარდა საქართველო–ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობებისა, საუბარი იმ ინიციატივებსაც შეეხო, რომელთა განხორციელებაც სამეზობლო პარტნიორობის ფორმატით უახლოეს მომავალში იგეგმება.
მხარეებმა ასევე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე და ამ მიმართულებით ევროკავშირის მისიის როლზე, ჟენევის პროცესში ევროკავშირის როლზე, ასევე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ევროკავშირს როლზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამახვილდა.
„ვისაუბრეთ რამდენიმე სხვა პროექტზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ევროკავშირი უფრო მეტად ჩაერთოს წინასაარჩევნო პროცესში და თვით არჩევნების დღის ორგანიზებაში. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთა სახით როგორც წინასაარჩევნო, ასევე, არჩევნების პერიოდში ყველაზე ობიექტური და ნეიტრალური დამკვირვებლები გვეყოლება“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თვმჯდომარის ევროკომისართან შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გაიმართა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები" მიმდინარეობდა.

















