შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უკვე შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის
დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანა ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენისა და გამოძიების მექანიზმების სრულყოფა და ეფექტიანობის გაზრდაა.
ამის შესახებ გახარიამ საერთაშორისო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ გახსნის შემდეგ განაცხადა.
გახარიამ კომენტარი იმ ღონისძიებების შესახებ გააკეთა, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებისა და პრევენციის მიმართულებით ახორციელებს.
„ჩვენი უწყება ამ მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებს, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანა დღეს არის ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენისა და გამოძიების მექანიზმების სრულყოფა და ეფექტიანობის გაზრდა. თქვენ, ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ის კომპონენტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში იმ საგანმანათლებლო პროგრამებმა, რომლებიც განხორციელდა, შეცვალა მიდგომა ამ მოვლენის მიმართ და უფრო მეტი განცხადება შემოდის, უფრო მეტი ქალი მიმართავს დღეს სამართალდამცავ ორგანოებს მათი ინტერესების დასაცავად. ეს სტატისტიკაშიც აისახა და შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც კი მიმართვიანობის რაოდენობა იზრდება, ეს გვაძლევს ჩვენ ჯანსაღ საშუალებას, რომ სწორი რეაგირება მოვახდინოთ ამ სამართალდარღვევებზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. შეგიძლიათ, ასევე, შეკავების ორდერების რაოდენობაც ნახოთ, მათი რაოდენობაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“.
--

















