საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ბოლო
წლებში მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც პრეზიდენტმა კონფერენციაზე განაცხადა, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური, კორუმპირებული და სასოწარკვეთილი სახელმწიფო იყო.
მისი თქმით, ამ ყველაფრის დაძლევა ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლო.
„უამრავი ევროპული კვლევა ვიცით, სადაც საქართველო ერთ-ერთ ყველაზე კრიმინოგენულ ქვეყნად სახელდებოდა. დღეს კი, ევროკავშირის კომისიების კვლევებით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, თუნდაც ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორიც დანია და ისლანდიაა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, რეალური მაჩვენებლებით საქართველოს 4-5-ჯერ ნაკლები დანაშაულის დონე აქვს, ვიდრე რუსეთს.
რაც შეეხება კორუფციას, პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, კორუფციის დამარცხებაში არცერთ ქვეყანას არ ჰქონია ისეთი დიდი პროგრესი, როგორც საქართველოს.
„ევროკავშირის ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც ფილიპ დიმიტროვმა რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა, საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში. ჩვენ მსოფლიოში კომპანიების ყველაზე სწრაფი რეგისტრაცია, სამომხმარებლო პროცედურები, საკუთრების ტრანზაქცია და საიდენტიფიკაციო ბარათების უმოკლეს ვადაში გაცემის პრაქტიკა გვაქვს“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გასამმაგდა და ქვეყანამ სიღარიბის დონის შემცირება 52-დან 20%-მდე შეძლო.
„როგორც იცით, მიმდინარეობს ჯანდაცვის რეფორმა. აშენებულია ახალი საავადმყოფოები. წლის ბოლომდე მოსახლეობის ნახევარი დაზღვეული იქნება. მომავალ რამდენიმე წელიწადში კი, უნივერსალური ჯანდაცვის დაზღვევა გვექნება“ - განმარტა მიხეილ საააკშვილმა.
მისივე თქმით, ეს მიღწევები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპა ქვეყნისთვის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი არ არის.
„ჩვენთვის, ისევე, როგორც მოლდოველი მეგობრებისთვის, ევროპის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ეს ჩვენი არჩევანი, აქცენტი და იდენტობაა“ - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველო მოლდოვასთან ერთად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, რეფორმებისა და ცვლილებებისთვის მაქსიმუმს აკეთებს.
მე-9 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები” ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარეობს.

















