საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იოჰანეს დაუმას შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო განათლების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს.
შეხვედრის დაწყებამდე ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის სტრუქტურების თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

















