საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა სამინისტროსთან არსებული თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს უწევს, განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოები. განსაკუთრებით აღინიშნა, ევროპული სკოლის გახსნის მნიშვნელობა საქართველოსთვის და მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. მხარეები კონკრეტულ ნაბიჯებზეც შეთანხმდნენ, რაც მომავალში აღნიშნული სკოლის ცნობადობას შეუწყობს ხელს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის სფეროებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

















