logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: რეგიონში არსებული გამოწვევები საკმაოდ რთულია იმისთვის, რომ მას მხოლოდ ერთი ქვეყანა გაუმკლავდეს
ირაკლი კობახიძე: რეგიონში არსებული გამოწვევები საკმაოდ რთულია იმისთვის, რომ მას მხოლოდ ერთი ქვეყანა გაუმკლავდეს
15:46 02.03.2018
„დღეს ჩვენ კვლავ ხაზს ვუსვამთ იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის სამმხრივ ფორმატში გაერთიანება და ერთად დგომა რეგიონალური გამოწვევების, დემოკრატიული რეფორმებისა და პროდასავლური მომავლის თაობაზე საერთო მიდგომების გამოსახატად“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კიშინიოვში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ განაცხადა.

საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ მისასალმებელი სიტყვით ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, დეიმონ ვილსონმა გახსნა.

დამსწრეებს მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუმ და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბიმ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო უფრო ძლიერი და სტაბილური ქვეყანაა და დღეს, ისე, როგორც არასდროს, უკეთ არის აღჭურვილი საშინაო და საგარეო გამოწვევებთან გასამკლავებლად. თუმცა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ცხელ რეგიონში მდებარეობს და არსებული გამოწვევები საკმარისად რთულია იმისთვის, რომ მას მხოლოდ ერთი ქვეყანა გაუმკლავდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ ახლო მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დგომით შეიძლება.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კავშირები ჩვენს საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, და პირველ რიგში კი ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ ცნობიერების ამაღლება იმის თაობაზე, რომ ვერცერთი ქვეყანა, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს იგი, ვერ შეძლებს მარტო გაუმკლავდეს საერთაშორისო - ტრადიციულ თუ ახალ გამოწვევებს. მხოლოდ ჩვენს ახლო მეგობრებთან და პარტნიორებთან - მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად დგომით შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვასა და საბოლოოდ კი მდგრადი, დემოკრატიული, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა, თავის მხრივ, ჩვენს ქვეყანასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროდასავლური პოლიტიკა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია.

„საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი მიზანია და დანიშნულებაა, რასაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობა. მიუხედავად ხელისუფლების შემადგენლობისა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს პროდასავლურ პოლიტიკას, რაც ჩვენს ხელისუფლებას უდიდეს ნდობას ანიჭებს საშინაო და საგარეო საკითხებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაცია ნატოში არსებითი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და რეგიონალური სტაბილურობისთვის. მისივე თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნათელი გზავნილი იქნება, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვა არ იგეგმება.

„საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაცია ნატოში არსებითი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, თუმცა იგი ასევე მნიშვნელოვანია რეგიონალური სტაბილურობისათვის. საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნათელი გზავნილი იქნება ყველასათვის - მეგობრებისა თუ მტრებისათვის - რომ ტრანსატლანტიკური ალიანსი ძლიერია და არ იგეგმება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გადასინჯვა. ჩვენს ორმხრივ ინტერესებშია ჩვენი კავშირების გაძლიერება ევროკავშირსა და ნატოსთან, თუმცა არსებობს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე საკუთარი ინტერესების, სავაჭრო სარგებელისა და ერთმანეთის რესურსების პრაგმატული გამოყენება - ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი ფასეულობა - მშვიდობიანი მსოფლიო და ერთიანი და თავისუფალი ევროპა, დემოკრატიული პრინციპები და ქვეყნების უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი ხალხის სურვილის საფუძველზე. ეს ფასეულობები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა უფრო ვიწრო ეროვნული ინტერესები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა. „ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკული ინცინდენტთან - ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მუდმივი აგრესიის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის არცერთი ნაწილი არ დაუთმია და ყოველდღიურ რეჟიმში ეწინააღმდეგება რუსეთის შეტევას მის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად გამოწვევებისა და იმ საფრთხეებისა, რომლებიც მომდინარეობს რუსეთის მიერ მუდმივი აგრესიიდან, ჩვენ მივაღწიეთ ეროვნული სტაბილურობის განსაკუთრებულ ხარისხს. ამის მიუხედავად, ჩვენ არ დაგვითმია ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის არცერთი ნაწილი და ყოველდღიურ რეჟიმში ვეწინააღმდეგებით რუსეთის შემოტევებს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენი საზღვრებს გარეთ თუ შიგნით. საქართველოს ტერიტორიების ფარული და მცოცავი ანექსიის პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ყოველდღიურად გრძელდება, ხოლო ეკლიანი მავთულხლართები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა აღმართეს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შუაზე ჰყოფს არა მხოლოდ ქართველ და ოს მოსახელობას ერთმანეთისგან, არამედ შუაზე ჰყოფს სოფლებსა და ოჯახებსაც კი. მზარდი მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ უდიდეს რისკებს შეიცავს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისათვის, არამედ რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. სოფლებისა და ოჯახების დაყოფა, რასაც ემატება რუსეთის არადემოკრატიული მოქმედებები, საფრთხეს უქმნის იმ მოსახლეობის ადამიანის უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებით, არამედ ამ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობით. ბავშვებს ჩამორთმეული აქვთ განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლება, მოსახელობას შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ოკუპაცია და დიქტატი საქართველოში ყოველთვის დროებითი იყო და რუსეთთან ბრძოლაში გამარჯვებას საქართველო მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობით გეგმავს. მისივე თქმით, ეკონომიკის, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და უსაფრთხოების გაძლიერებით ჩვენმა ქვეყანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზი და ოსი მოქალაქეები უნდა დაარწმუნოს, რომ სწორედ საქართველოა ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო, სადაც მათ ცხოვრება და განვითარება და კეთილდღეობის მიღწევა შეუძლიათ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მხოლოდ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას. საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ მშვიდობიანი გზებით, რაც წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკის ქვაკუთხედს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმებისა და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის განხორციელება წარმატებით შეუძლია.

„ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ მიაღწია შიდა სტაბილურობის ისეთ დონეს, რომელიც არასოდეს ყოფილა მიღწეული დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის განმავლობაში. დიახ, ჩვენ გვაქვს უთანხმოებები და ზოგჯერ სერიოზულიც, თუმცა წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, არცერთი მთავარი პოლიტიკური ძალა არ აცხადებს ხელისუფლებას არალეგიტიმურად ან არადემოკრატიულად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, რეფორმების წყალობით საქართველომ სტაბილურობისა და სიმტკიცის უპრეცენდენტო დონეს მიაღწია, თუმცა, ისევ მოწყვლადი რჩება გარე საფრთხეების მიმართ. მისივე განცხადებით, საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას.

„ საქართველო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების სწორ გზაზე დგას. ჩვენი წარსული გამოცდილებისა და ნათელი ხედვის საფუძველზე, ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი პოლიტიკა ეფექტური და ლეგიტიმური ჩარჩოა საქართველოს მომავლისათვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება მხარს უჭერს ამ ხედვას, რომლის რეალიზებაც, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აუცილებლად მოხდება. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სამმხრივ ფორმატში თანაშრომლობასა და საერთო მიზნების მისაღწევად, ერთად დგომაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

პარლამენტების თავმჯდომარეთა მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, კონფერენცია პანელის ფორმატში დისკუსიით გაგრძელდა.

ღონისძიების ფარგლებში ოთხი თემატური პანელი გაიმართება, რომელთა მონაწილეებიც დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ენერგოუსაფრთხოებაზე, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ეკონომიკური და სასამართლო რეფორმების განხორციელების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე, ასევე, უსაფრთხოების მხრივ არსებულ საერთო გამოწვევებზე იმსჯელებენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, შვედეთის სამეფოს პარლამენტის(რიკსდაგი) თავმჯდომარე ურბან ალინი, ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი, ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ენ ეესმა, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალის მოადგილე მარია კოჩი, ასევე, ატლანტიკური საბჭოს წამყვანი ექსპერტები და საერთაშორისო აკადემიური წრეების წარმომადგენლები იღებენ.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა